თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა იტალიელებთან 90:91 ანგარიშით წააგო. თამაში იტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის ფარგლებში შედგა.
დიდ შესვენებამდე გუნდები თავიანთ აქტივში 45 ქულით მივიდნენ. და მხოლოდ სამქულიანმა ბოლო წამებზე, მისცა საშუალება იტალიელ კალათბურთელებს გასახდელში მცირედი უპირატესობით გასულიყვნენ.
მეოთხე მეოთხედის დასაწყისში, თორნიკე შენგელიამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა ანგარიშით 72:71. მაგრამ მასპინძლები ასე იოლად დათმობას არ აპირებდნენ. გულშემატკივრების მხარდაჭერით იტალიელებმა შეძლეს ლიდერობის დაბრუნება. თუმცა მთელი ბოლო მონაკვეთი ბაგირის გადაწევას უფრო ჰგავდა.
ფინალურ სასტვენამდე 30 წამით ადრე ვიქტორ სანიკიძემ სამქულიანის რეალიზაცია მოახდინა და კოკოშკოვის გუნდი 90:89 კვლავ წინ გაიყვანა. საპასუხო შეტევაში დელა ვალემ იტალიელებს ორი ქულა მოუტანა და საქართველო კვლავ მდევარის როლში აღმოჩნდა.
ბოლო შეტევისათვის ქართველ კალათბურთელებს 9 წამი რჩებოდათ. მაგრამ ჯეიკობ პულენმა სამქულიანი ვერ გამოიყენა, ხოლო ზაზა ფაჩულიამ ორი ცდით ვერ შეძლო ბურთის კალათში მოთავსება.
შედეგად საქართველოს ნაკრებმა იტალიელებთან მხოლოდ ერთი ქულა წააგო და თბილისის მერის თასის წაგებული ფინალისათვის რევანშის აღება ვერ შეძლო.
დღეს საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.