თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ცნობილი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა, რომელიც ავადმყოფობის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა სცენას, 2015 წლის 15 სექტემბერს ბათუმში კონცერტს გამართავს.
ზურაბ სოტკილავა მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო გალა კონცერტში — „მუსიკა მშვიდობისათვის“, რომელიც იუნესკოს 70 წლისთავს ეძღვნება. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა იუნესკოს პროგრამის ფარგლებში სირიაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.
კონცერტი ბათუმის პიაცაზე შედგება 20:00 საათზე.
კლასიკური მუსიკის კონცერტში ზურაბ სოტკილავას გარდა მონაწილეობას მიიღებენ „ქართული ხმები“, ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, დირიჟორი — დავით კინწურაშვილი.
ბილეთების ფასი 25 ლარია და მათი შეძენა https://biletebi.ge — გვერდზე შეიძლება.
2015 წლის ივლისში ზურაბ სოტკილავამ განაცხადა, რომ მძიმედ არის დაავადებული სიმსივნით და ამის გამო წინასწარ დაგეგმილი საკონცერტო გამოსვლები გადადო. ექიმებმა მომღერალს საკმაოდ მძიმე დიაგნოზი — კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო დაუსვეს. თუმცა აგვისტოს ბოლოს პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ სოტკილავამ ავადმყოფობა დაამარცხა და კვლავ სცენას უბრუნდება.
მომღერლის განცხადებით, მან ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა, ხოლო ქიმიოთერაპიის კურსს რუსეთში გადის, მკურნალობის შემდეგ ანალიზებმა სტაბილური გაუმჯობესების შედეგი აჩვენეს.