ნატოს გენმდივანი უტოიაზე დაღუპული ქართველი გოგონას მშობლებს ეწვია

© https://www.facebook.com/GaribashviliOfficialიენს სტოლტენბერგი ლიპარტელიანების ოჯახში
იენს სტოლტენბერგი ლიპარტელიანების ოჯახში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამთა ლიპარტელიანის ცხედარი, რომელსაც ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ტერაქტიდან ექვსი დღის შემდეგ იპოვეს. მისი მეგობარი ნათია ჩხეტიანი გადარჩა და საქართველოში ცოცხალი დაბრუნდა.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისში ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ანდერს ბრეივიკის მიერ 2011 წელს განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპული გოგონას, თამთა ლიპარტელიანის ოჯახს ეწვია. 

ტერაქტის დროს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერ–მინისტრი გახლდათ. ნატოს გენერალურმა მდივანმა თავად გამოთქვა დაღუპული გოგონას ოჯახთან შეხვედრის სურვილი. 

„მინდა გულწრფელად მოგისამძიმროთ… პრესაში ბევრი რამ მაქვს წაკითხული თქვენი გოგონას შესახებ. ნორვეგიაში ჩვენ დაღუპულთა გასახსენებლად მემორიალი გავხსენით და იქ თქვენს ქალიშვილსაც ვიხსენებთ ხოლმე. მადლობა, რომ ჩემთან შესახვედრად დრო გამონახეთ, რათა პირადად გამომეხატა თანაგრძნობა“, — უთხრა სტოლტენბერგმა თამთას მშობლებს. 

2011 წლის 22 ივლისს ოსლოს სამთავრობო კვარტალში ნორვეგიელმა ანდერს ბრეივიკმა ტერაქტი მოაწყო, რის შედეგადაც რვა ადამიანი გარდაიცვალა. ამის შემდეგ მან ცეცხლი გაუხსნა კუნძულ უტოიაზე განთავსებულ ახალგაზრდულ ბანაკს, რა დროსაც 69 ადამიანი დაიღუპა. 

თამთა ლიპარტელიანის ცხედარი, რომელსაც ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ტერაქტიდან ექვსი დღის შემდეგ იპოვეს. მისი მეგობარი ნათია  ჩხეტიანი გადარჩა და საქართველოში ცოცხალი დაბრუნდა. 

ორივე გოგონა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების განხრით სწავლობდა. ისინი რეგიონული ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდა  სოციალისტების“ აქტიური წევრები იყვნენ, გოგონები ნორვეგიის ბანაკში სწორედ ამ ორგანიზაციის ეგიდით გაემგზავრნენ. 

ბრეივიკმა დაპატიმრებისთანავე აღიარა ჩადენილი, თუმცა თავი დამნაშავედ არ ცნო. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მულტიკულტურიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავდაცვის უფლების ფარგლებში ნორვეგიული კულტურის დაცემის შესაჩერებლად გადადგა. 

2012 წლის აგვისტოში ოსლოს სასამართლომ ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0