თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ორშაბათს, 31 ივლისს, თბილისში წყალდიდობის შედეგად დანგრეული გზის მონაკვეთის შესასწავლად ამერიკელი სპეციალისტები ჩამოვლენ, იტყობინება ქართული მედია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
14 ივნისის ღამეს თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ძაღლების თავშესაფარი და ზოოპარკი, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა და 300 საცხოვრებლის გარეშე დარჩა. დედაქალაქისათვის მოყენებულმა ზარალმა 90 მილიონი დოლარი შეადგინა.
„წყნეთი-სამადლოს გზის მონაკვეთი, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაზე გადის, დაზიანდა და სრულად გამოვიდა მწყობრიდან 13 ივნისის სტიქიის შედეგად… ვინაიდან მითითებული მონაკვეთი პრობლემურია, მისი აღდგენის საკითხი საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს“, — აღნიშნეს უწყებაში.
მოქმედების გეგმა სამინისტრომ ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე უნდა შეიმუშავოს. თუ დასკვნები უარყოფითი იქნება, მოგვიწევს ალტერნატიული მარშრუტის მოძებნა, თქვეს უწყებაში.