თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ასტანაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში 90 კგ.მდე წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისათვის ორთაბრძოლაში ლიპარტელიანმა თავის ნაკრებელ პარტნიორს ბექა ღვინიაშვილს მოუგო.
ღვინიაშვილი რეპეშაჟში ნახევარფინალიდან მოხვდა, სადაც მან რუს კირილ დენისოვთან წააგო. ხოლო ლიპარტელიანმა ბრინჯაოსათვის ბრძოლის შესაძლებლობა მას შემდეგ მიიღო, რაც მეოთხედფინალში კორეელ დონ ხან გვაკთან წააგო, რომელიც საბოლოოდ ჩემპიონი გახდა.
საბოლოოდ ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მესამე ინდივიდუალური მედალი მოიპოვა. 2013 წელს რიო დე ჟანეიროში მას ვერცხლის მედალი ჰქონდა, ხოლო გასულ წელს ჩელიაბინსკში ქართველმა ძიუდოისტმა ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ პროგრამაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთადერთმა ქალმა ესტერ სტამმა (70 კგ.მდე) მეორე რაუნდს იქით გადასვლა ვერ შეძლო, რადგან იაპონელ ჩიზურუ არაისტან წააგო.
ხვალ, 29 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვლენ ძიუდოისტები 100 კგ,მდე წონით კატეგორიაში.
საქართველოს ნაკრებს ამ კატეგორიაში წარმომადგენელი არ ჰყავს.