საქართველოს პატრიარქი ჯანმრთელობის პარაკლისს გადაიხდის

გამოწერა
პატრიარქი თავად აღავლენს ლოცვას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა და ყველასთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. უწმინდესმა თავად მოისურვა მათთვის პარაკლისის გადახდა, განაცხადეს საპატრიარქოში.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, 28 აგვისტოს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მართლმადიდებლებისთვის ჯანმრთელობის პარაკლისის გადახდა მოისურვა.

პატრიარქის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის პარაკლისს სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში 19:30 საათზე გადაიხდიან.

„პატრიარქი პარაკლისს თავად გადაიხდის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა და ყველასთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. უწმინდესმა თავად მოისურვა მათთვის პარაკლისის გადახდა”, — განაცხადეს საპატრიარქოში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე ათორმეტთაგან ერთი საუფლო დღესასწაულია. საქართველოში მას მარიამობას უწოდებენ.

ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის პირით აუწყა. მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსამანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს მოციქულებმა ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. 

საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრად მიიჩნევა, რომელსაც წმიდა ქალწული მარიამი იფარავს. 

ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში საზეიმო წირვა აღევლინება. ქვეყანაში 28 აგვისტო დასვენების დღედ არის გამოცხადებული.


ყველა ახალი ამბავი
0