თბილისის, 28 აგვისტო — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მილი მეჯლისის (პარლამენტის) არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალური ვებგვერდი.
„აზერბაიჯანის კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ვადგენ: აზერბაიჯანის მილი მეჯლისის არჩევნები დაინიშნოს 2015 წლის 1 ნოემბერს“, — აღნიშნულია განკარგულებაში.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში 125 დეპუტატია. დეპუტატებს მაჟორიტარული სისტემით, საერთო, თანაბარი და პირდაპირი საარჩევნო უფლებით, ასევე თავისუფალი, პირადი და საიდუმლო კენჭისყრით ირჩევენ. მილი მეჯლისის არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება და ნოემბრის პირველ კვირა დღეს ინიშნება.
კანონის თანახმად, აზერბაიჯანის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 25 წელი, შეუძლია მილი მეჯლისის დეპუტატი გახდეს. დეპუტატობის კანდიდატურის წარდგენა არ შეუძლია ორმაგი მოქალაქეობის მქონე, სხვა სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებების მქონე, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში მომსახურე პირებს, რომლებიც ხელფასს იღებენ, გამონაკლისია სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა.
გარდა ამისა, კენჭისყრაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენა ეკრძალებათ რელიგიურ მოღვაწეებს, პირებს, რომელთა ქმედუუნარობაც სასამართლომ დაამტკიცა და ასევე მძიმე დანაშაულისთვის თავისუფლებააღკვეთილ პირებს.