თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე იმღერებს.
ანიტა რაჭველიშვილი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება „ლა სკალას“ სცენაზე ბიზეს „კარმენში“ შესრულებულმა კარმენის პარტიამ მოუტანა, ბათუმში პირველად იმღერებს.
გალა-კონცერტი ქალაქის დღესასწაულს „ბათუმობას“ მიეძღვნება. კონცერტი საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩატარდება, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. შემსრულებელს აკომპანემენტს ცნობილი ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი და ალტისტი გიორგი ცაგარელი გაუწევენ.
კონცერტზე გაჟღერდება ჯაზური და კლასიკური მუსიკა ცნობილი კინოფილმებიდან, ასევე მოცარტისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები.
ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.
საქართველოში რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა „რიგოლეტოში“ მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში“ ოლგას პარტიებს ასრულებდა.
2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას“ თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.
ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბერს გახდა, როდესაც „ლა სკალას“ სეზონის გახსნაზე „კარმენში“ მთავარი პარტია შეასრულა (ხოსე — იონას კაუფმანი, რეჟისორი — ემა დანტე, დირიჟორი — დანიელ ბარენბოიმი). მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა.
2011 წელს რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში“ შედგა, სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ფ. ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი“. მრავალ პარტიათა შორის, მის რეპერტუარშია მთავარი პარტიები როსინის ოპერიდან „იტალიელი ალჟირში“ და გლუკის „ორფეოსი და ევრიდიკედან”.