მართლმადიდებლები დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Stringerწმიდა სამების სახელობის ტაძარი თბილისში
წმიდა სამების სახელობის ტაძარი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრად მიიჩნევა, რომელსაც წმიდა ქალწული მარიამი იფარავს.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მართლმადიდებლები დღეს, 28 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს — მარიამობას აღნიშნავენ. 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე ათორმეტთაგან ერთი საუფლო დღესასწაულია.

ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის პირით აუწყა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსამანიის ქვაბულში დაკრძალეს. მესამე დღეს მოციქულებმა ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. 

საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრად მიიჩნევა, რომელსაც წმიდა ქალწული მარიამი იფარავს. 

ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში საზეიმო წირვა აღევლინება. ქვეყანაში 28 აგვისტო დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ყველა მართლმადიდებელს მარიამობა ფეისბუქის საშუალებით მიულოცეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0