ბერუჩაშვილი: სტოლტენბერგის ვიზიტი ნატოს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე მეტყველებს

© facebook.com/mfageorgiaსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ოთხშაბათს ეწვია. იგი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნას დაესწრება.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში ნატოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მაჩვენებელია.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ოთხშაბათს საღამოს ეწვია. იგი ოფიციალურ შეხვედრებს მართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. სტოლტენბერგი ხუთშაბათს ნატოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნას დაესწრება.

 „ეს ვიზიტი ნატოს მხრიდან საქართველოს აშკარა მხარდაჭერისა და დიალოგის მაღალი დონის გაგრძელების მაჩვენებელია. ჩვენ განვიხილავთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ფართო სპექტრს და მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც პროცესის ფარგლებში ტარდება. ასევე ვიმსჯელებთ ვარშავის სამიტისთვის მომზადების დეტალებზე, განვიხილავთ რეგიონში უსაფრთხოების საკითხს, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს“, — განაცხადა ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ „ვიზიტი ასევე აჩვენებს, რომ საქართველოს ნატოს დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია“.

საქართველოში სასწავლო ცენტრის გახსნა ღონისძიებათა იმ პაკეტის ჩარჩოში იგეგმება, რომელიც ქვეყანას ნატოს წევრობაში უნდა დაეხმაროს. პაკეტი 2014 წლის სექტემბერში ალიანსის უელსის სამიტზე დაამტკიცეს. სასწავლო ცენტრში ალიანსის და ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მოემზადებიან.

 საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 


ყველა ახალი ამბავი
0