საქართველოში ნატოს ცენტრი გაიხსნება

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალიანსის ექსპერტთა ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა საქართველოს სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურას, სასწავლო დაწესებულების განლაგების ადგილის განსაზღვრისათვის. თავდაპირველად ცენტრის სალოკაციო ადგილად ვაზიანის სამხედრო ბაზე შეირჩა, სადაც საჩვენებელი სწავლებებიც კი გაიმართა.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ფიგურები განცხადებებს აკეთებენ ამ ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ, რომლის მთავარი მოვლენა ქვეყანაში ნატოს სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნა იქნება. 

 გახსნის ცერემონია, ან როგორც მას საქართველოში პათოსით უწოდებენ — ინაუგურაცია,  „კრწანისის“ ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე 27 აგვისტოს გაიმართება. 

 „ეს პირდაპირი სიგნალია, რომ საქართველოს საკითხს სერიოზული ადგილი უჭირავს ალიანსის დღის წესრიგში. ეს პირდაპირი პოლიტიკური გზავნილია, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია მხარს უჭერს სუვერენიტეტს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე სიგნალია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის“, — თქვა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში ალექსანდრე მაისურაძემ ოთხშაბათს, 26 აგვისტოს. 

 ამ ვიზიტს დიდი ყურადღებით აკვირდებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც, აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების  გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. 

 „ეს არის საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის ხარისხის ნიშანი. ბუნებრივია გენერალური მდივანი ყველა ქვეყანაში არ დადის. ამჟამინდელი გაზრდილი სირთულეებისა და გამოწვევების პირობებში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ მხარდაჭერას“, — განაცხადა საქართვდელოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. 

 რა იხსნება საქართველოში?

 ნატოს ჩანაფიქრით, ეს იქნება საქართველოსთან ერთობლივი სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი, სადაც მომზადებას გაივლიან ქართველი და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები. ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოში, საქართველოს ალიანსის წევრობისაკენ სწრაფვის მხარდაჭერის ზომების პაკეტის ჩარჩოებში გაიხსნება. იგი 2014 წლის სექტემბერში ნატოს უელსის სამიტის ფარგლებში დამტკიცდა.

 „თავისი მასშტაბებით, მნიშვნელობითა და ფუნქციით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თანამედროვე პროექტი, რომელსაც ჩვენ პაკეტის ჩარჩოებში განვახორციელებთ“, — განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.   

 ალიანსის ექსპერტთა ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა საქართველოს სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურას, სასწავლო დაწესებულების განლაგების ადგილის განსაზღვრისათვის. თავდაპირველად ცენტრის სალოკაციო ადგილად ვაზიანის სამხედრო ბაზე შეირჩა, სადაც საჩვენებელი სწავლებებიც კი გაიმართა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ცენტრი სხვადასხვა ტერიტორიებზე იმუშავებს. 

 ცენტრის ფუნქციონირების სხვა დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, ან რაიმე მოსაზრებებით არ ხმაურდება. გასულ კვირას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ  კონკრეტიკის გვერდის ავლით ისაუბრა ცენტრზე. 

 „ნატოს ექსპერტთა ჯგუფი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ მხარესთან. ექსპერტთა მთავარი ამოცანა იყო საქართველო-ნატოს საუკეთესო ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნისათვის საფუძველის შექმნა. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურას, ადგილმდებარეობას და მრავალ სხვა წვრილმანს — რისთვისაც უნდა იყოს ცენტრი. რამდენად მიმზიდველი იქნება იგი ნატოში მონაწილე ქვეყნებისათვის, ვინ გაივლის სწავლებებს, რომელი ვარიანტი იქნება ყველაზე ეფექტური როგორც ფინანსური ისე ათვისების თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას ვაგრძელებთ ქართულ მხარესთან, ვათანხმებთ საბოლოო პარამეტრებს, მათ შორის ადგილმდებარეობასაც. ესე იგი ცენტრს არ ექნება მხოლოდ ერთი ლოკაცია. ჯამში ეს იქნება ნატო-საქართველოს სრულფასოვანი ცენტრი. მთავარია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საბოლოო მიზნის მისაღწევად“, — თქვა აპატურაიმ. 

 ამასთან, როცა საუბარია საქართველოში ნატოს ცენტრის მიზნებზე, მხარეები ერთ რამეში თანხმდებიან — ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების დონის ამაღლება ალიანსის სტანდარტებით. 

 საწვრთნელი ცენტრის გახსნა —  ნატოს პარტნიორობის და მჭიდრო თანამშრომლობის სიგნალია საქართველოსთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამისათვის, აღნიშნა აპატურაიმ. 

 რუსეთის შეშფოთება

 ოფიციალურ მოსკოვს არა ერთხელ გამოუხატავს შეშფოთება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გეგმებთან დაკავშირებით, „რადგან მოძრაობა ამ მიმართულებით მუქარას წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისათვის“.

 „ამასთან განსაკუთრებით საგანგაშოა ალიანსის განზრახვა საველე ინფრასტრუქტურის შექმნაზე და საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარული სამხედრო სწავლებების ჩატარებაზე“, — ნათქვამია რუსეთის ფედერაციის  საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში. 

 კრემლის მსგავსი განცხადებები საქართველოს დასავლელი პარტნიორების გაკვირვებას იწვევს. 

 „ჩემთვის ძალიან რთული გასაგებია ძალიან დიდ და ძლიერ რუსეთს როგორ შეუძლია საქართველოსაგან მომავალი სამხედრო საფრთხე დაინახოს. ეს ძალიან რთული წარმოსადგენია. მე ასევე არ მესმის რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები რატომ აღიქვამენ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებს, როგორც მუქარას“, — განაცხადა აპატურაიმ. 

 არავინ, მათ შორის არც რუსეთმა არ უნდა აღიქვას და შეაფასოს ცენტრი როგორც მუქარა, აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა. 

 „ნატო არ აღიქვამს საქართველო-ნატოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს როგორც ანტირუსულ ცენტრს ან ჟესტს, ნაბიჯს რუსეთის წინააღმდეგ, ან სიგნალს რუსეთისათვის“, თქვა აპატურაიმ. ამასთან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი ყველაფერს გააკეთებს რათა რუსულ მხარეს აუხსნას ეს პოზიცია. 

 „არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი შეძლებენ მიიღონ ეს გზავნილი, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ ამის განმარტებას“, — დაასკვნა აპატურაიმ. 

 თბილისი ასევე არ იზიარებს მოსკოვის განცდებს საქართველოში ნატოს ცენტრის გახსნის გამო „სამხრეთ კავკასიის უსფრთხოების საშიშროებასთან“ დაკავშირებით.

 „ჩემი პროგნოზით, აღნიშნული ცენტრის გახსნა მხოლოდ ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაუმჯობესებას როგორც საქართველოში, ასევე რეგიონალური მასშტაბით“, — განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ.

 სტოლტენბერგი სანუკვარზე ალაპარაკდა 

საქართველოში სტოლტენბერგის მოლაპარაკებების მთავარი თემა ქვეყნის ნატოში გაწევრიანება იქნება, რაზეც ბოლო 10 წელია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ოცნებობენ. 

 თბილისში სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. 

 „ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში განიხილება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა სრული სპექტრი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები,  ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. 

 საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის ”პარტნიორობა მშვიდობისთვის”(PfP — Parntnership for Peace) მონაწილე გახდა. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად საქატთველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა დასახელებული.


ყველა ახალი ამბავი
0