თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, 11-17 ოქტომბერს გაიმართება გლობალური დიასპორული კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, იტყობინება სამინისტროს პრეს-სამსახური.
კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ მცხოვრები 19–დან 29 წლამდე ასაკის ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტებს, ბიზნესს, სახელმწიფო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, განათლებისა და კულტურის სფეროს.
„კვირეულის ერთ–ერთი ღონისძიებაა კონკურსი – „დიასპორელი ახალგაზრდა ლიდერების განვითარება“. კონკურსი საშუალებას იძლევა დიასპორელმა ახალგაზრდებმა გაიფართოვონ სწავლის, მუშაობისა და ლიდერობის თვალსაწიერი და პერსპექტივები თავიანთ სამშობლოშ“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეივსოს სარეგისტრაციო ფორმა ამა წლის 1 ოქტომბრამდე. უმთავრესი ყურადღება უნდა გამახვილდეს სექციაზე – „ერთი იდეა სამშობლოს“.
16 ოქტომბერს, გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში, საუკეთესო იდეების მოწოდებისათვის 10 ფინალისტი დაჯილდოვდება ფასიანი პრიზებით (ტექნიკის თანამედროვე საშუალებებით და სხვა). ამასთანავე, უკლებლივ ყველა მონაწილეს გადაეცემა საპატიო სიგელი.