C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებაში გორის ჰოსპიტალიც ჩაერთო

საავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წელი საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად არის გამოცხადებული. იმ პირების რეგისტრაცია, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამაში, საქართველოში 2015 წლის 28 აპრილს დაიწყო.

 თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას შიდა ქართლის რეგიონი შეუერთდა, იტყობინება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ოთხშაბათს, 26 აგვისტოს. 

 ამიერიდან რეგიონის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩაერთონ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. 

 ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2015 წელი საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად არის გამოცხადებული. იმ პირების რეგისტრაცია, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს C ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამაში, საქართველოში 2015 წლის 28 აპრილს დაიწყო. 

 სამხედრო ჰოსპიტალში ახალი სამკურნალო პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით გორში თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდნენ.

 „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული С ჰეპატიტის პროგრამა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ღირებული საქმეა, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში ხორციელდება საქართველოში. მოხარულები ვართ, რომ გორის ჰოსპიტალი შეირჩა შიდა ქართლში მომსახურების ცენტრად. ბუნებრივია, თავდაცვის სამინისტრო მზად არის, ნებისმიერი ფორმით აღმოუჩინოს დახმარება ამ პროგრამას. იყოს მისი მონაწილე და სრულფასოვანი განმხორციელებელი. ჰოსპიტალი სამხედროების გარდა სამოქალაქო პირებსაც ემსახურებოდა და ბუნებრივია ეს პროგრამა ამ მხრივ არ იქნება განსხვავებული“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 „გორის ჰოსპიტალში მაღალკვალიფიციური ექიმები მუშაობენ, მათ სჭირდებოდათ დამატებითი აღჭურვილობა, რომლითაც სამინისტრო დაეხმარა. დღეს სისტემა გამართულია და უახლოეს დღეებში პაციენტების პირველ ნაკადს მიიღებენ. ეს უმნიშვნელოვანესია როგორც მოსახლეობის ჩართულობის მხრივ, ისე სამოქალაქო და სამხედრო ჯანდაცვითი დაწესებულებების მართლაც სანიმუშო მოდელის მხრივ, რისთვისაც გულწრფელ მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

 თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის შეთანხმების საფუძველზე ჰოსპიტალს დროებით სარგებლობაში სპეციალური საკვლევი აპარატი, ფიბროსკანი გადაეცა, რომელიც ინფექციურ განყოფილებაში განთავსდა. იქვე გაიცემა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი — „სოფოსბუვირი“.

 მინისტრებმა გორის ჰოსპიტალის დირექტორ ალექსანდრე გვიჩიასთან ერთად ჰოსპიტალის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


ყველა ახალი ამბავი
0