თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ძლიერი ქარიშხლის გამო სამშაბათიდან გემები ფოთის პორტში ვერ შედიან, აცნობა ჟურნალისტებს ფოთის პორტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მარიამ ნადარაიამ ოთხშაბათს, 26 აგვისტოს.
სამშაბათს ფოთში 4 ბალიანი ქარიშხალი დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ცენტრალური ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
„ამ დროისათვის, ქარიშხალის გამო გემების შესვლისა და გასვლის პროცესი პორტში არ ხორციელდება. წუხელ 4 ბალიანი ქარიშხალი იყო. ველოდებით, რომ დღის მეორე ნახევარში სიტუაცია გამოსწორდება და სამუშაო პროცესი კვლავ აღდგება. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს პორტისათვის ჩვეული სიტუაციაა და ასეთი რამ წელიწადში 20-ჯერ მაინც ხდება“, — აღნიშნა ნადარაიამ.
რაც შეეხება საპორტო ქალაქ ბათუმს, იქ ფოთისაგან განსხვავებით წყნარი სიტუაციაა. როგორც მედიას ბათუმის პორტის კაპიტანმა თენგიზ გადილიამ განუცხადა, მიუხედავად ქარიშხლის შესახებ გაფრთხილებისა, გემების მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.