თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. მინსკში სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა უკრაინაში არსებული ვითარების მოგვარების საკითხებზე მოლაპარაკებები დაიწყო, იუწყება ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„მინსკში სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მხარეთა წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო“, — განაცხადა ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგზე.
სხდომები ბელორუსიის დედაქალაქის ცენტრში, სასტუმრო „პრეზიდენტ ოტელში“ მიმდინარეობს. დღის წესრიგი უცვლელია. როგორც თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ვლადისლავ დეინეგომ განაცხადა, ახლაც იმ საკითხებს განიხილავენ, რაზეც წინა შეხვედრებზე იმსჯელეს, რადგანაც, მისი თქმით, არც ერთი მიმართულებით არსებითი პროგრესი მიღწეული არ ყოფილა. უკრაინის ექს-პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას პრესმდივანმა და მოლაპარაკებებზე მისმა წარმომადგენელმა დარია ოლიფერმა განაცხადა, რომ საკონტაქტო ჯგუფი მინსკის ხელშეკრულების ყველა შემადგენელი ნაწილის შესრულებაზე იმსჯელებს.
ერთ-ერთი მთავარ საკითხად კვლავ რჩება დონბასში 100 მმ–ზე ნაკლები კალიბრის მქონე შეიარაღების უკან გაწვევის შესახებ დოკუმენტზე შეთანხმება. საკონტაქტო ჯგუფის წინა შეხვედრაზე, 3 აგვისტოს, დოკუმენტის შეთანხმება არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მასზე ორი დღის მანძილზე მსჯელობდნენ.