თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ქართველი საოპერო მომღერალი ირაკლი მურჯიკნელი ელენა ობრაზცოვას ახალგაზრდა საოპერო მომღერლების მეათე საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი გახდა.
ირაკლი მურჯიკნელი „სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო სათათბიროს“ პრიზისა და მისი თავმჯდომარის, ვიაჩესლავ მაკაროვის სამადლობელი წერილის მფლობელი გახდა.
კონკურსი სანკტ-პეტერბურგში 2015 წლის 18-25 აგვისტოს ჩატარდა. წელს კონკურსში 19 სხვადასხვა ქვეყნიდან 18-32 წლის ასაკის 258 საოპერო მომღერალი მონაწილეობდა.
კონკურსანტებმა რუსი და დასავლეთევროპელი კლასიკოსების არიები ოპერებიდან და კამერული ნაწარმოებები შეასრულეს. მომღერლებს აკომპანემენტი მიუზიკ-ჰოლის კოლექტივმა გაუწია, რომელსაც მაესტრო ფაბიო მასტრანჯელო დირიჟორობდა.
კონკურსის ფინალში 258 მონაწილიდან 12 მუსიკოსი გავიდა. პირველი პრემიის ლაურეატი (500 000 რუბლი) გახდა ტენორი დონეცკიდან, ჩაიკოვსკის სახელობის კიევის ეროვნული მუსიკალური აკადემიის კურსდამთავრებული ტარას პრისიაჟნიუკი. მეორე პრემია და 350 000 რუბლი ერგო მონღოლ მომღერალ ბადრალ ჩულუუნბაატარს. მესამე პრიზი და 250 000 რუბლი გაიყვეს მარინის თეატრის ახალგაზრდა საოპერო მომღერლების აკადემიის სოლისტმა ემილია აბლაევამ და ბელარუსმა მომღერალმა ვლადიმირ დმიტრუკმა.
კონკურსის დასკვნითი, მესამე ტური შოსტაკოვიჩის სახელობის სანკტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდ დარბაზში გაიმართა.
საიუბილეო კონკურსი პირველად ჩატარდა მისი დამფუძნებლის, სსრკ-ის სახალხო არტისტის ელენა ობრაზცოვას გარეშე, რომელიც 2015 წლის იანვარში გარდაიცვალა. კონკურსი დიდი მომღერლის ხსოვნას მიეძღვნა.
ირაკლი მურჯიკნელი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია. მას მიღებული აქვს სხვადასხვა პრიზები საერთაშორისო კონკურსებზე დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, ლატვიასა და აზერბაიჯანში.
ქართველი საოპერო მომღერლის რეპერტუარშია არიები ოპერებიდან: ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“, დონიცეტის „დონ პასკუალე“, მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, შტრაუსის „ვარდთა კავალერი“, ასევე ასრულებს პარტიებს როსინის Stabat Mater-სა და ბეთჰოვენის №9 სიმფონიაში.
ირაკლი მურჯიკნელი 2012 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია.