თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ გამოჩენილ რეჟისორ გიორგი დანელიას 85 წლის იუბილე მიულოცა.
შენგელაიამ ლეგენდარული „მიმინოს“ შემქმნელს ჯანმრთელობა უსურვა, მისი გენიალური სურათების სიყვარულში გამოუტყდა და მალე შეხვედრის იმედიც გამოთქვა.
„ძვირფასო გია, გილოცავ 85 წლის იუბილეს! მინდა გისურვო მთავარი — ჯანმრთელობა! მთელ ჩვენს ცხოვრებას ვიხსენებ — ამერიკაში მოგზაურობას, თბილისში შეხვედრებს… ძალიან მიყვარხარ და როცა მოსკოვში ვიქნები, მე და მერი აუცილებლად გეწვევით. გკოცნი!“, — მიმართავს ელდარ შენგელაია გიორგი დანელიას.
როგორც ქართველმა კინორეჟისორმა აღნიშნა, მას არა მარტო დანელიას კინოსურათები, არამედ მისი ანიმაციური ნამუშევარიც უყვარს.
„ძალიან მიყვარს მისი ფილმები, განსაკუთრებით „არ დაიდარდო!“ და, რა თქმა უნდა, „მიმინო“ — ეს გენიალური ფილმია. ყველა შენი ფილმი მიყვარს, სადაც ლეონოვი თამაშობს — ეს ყველაფერი მშვენიერია. და, რა თქმა უნდა, შენი ანიმაცია, რომელსაც შენთან სახლში ვუყურებდით. ეს აბსოლუტურად გენიალური ფილმია“, — აღნიშნა შენგელაიამ.
გიორგი დანელია დაიბადა თბილისში, 1930 წლის 25 აგვისტოს. მომავალმა რეჟისორმა ბავშვობა მოსკოვში გაატარა, სადაც მისი ოჯახი საცხოვრებლად 1931 წელს გადავიდა.
დანელიას კინო ყოველთვის აინტერესებდა და 1956 წელს კინოსტუდია „მოსფილმთან“ არსებულ უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე მიხეილ კალატოზოვის კლასში ჩაირიცხა.
რეჟისორს საყოველთაო აღიარება 1964 წელს ლირიკულმა კომედიამ „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“ მოუტანა. მას მოჰყვა ფილმები „ოცდაცამეტი“, „არ დაიდარდო!“ და „აფონია“.
დანელიას ბევრი ფილმი საბჭოთა კინემატოგრაფის „ოქროს ფონდშია“ შესული. ესაა კომედია „მიმინო“ (1977), რამაც ვახტანგ კიკაბიძეს სახელი მთელ საბჭოთა კავშირში გაუთქვა, სატირული კომედია „შემოდგომის მარათონი“ (1979) და საკულტო ფანტასტიკური კომედია „ქინ-ძა-ძა!“
რეჟისორის სხვა ნამუშევრებია: ტრაგიკომედია „ცრემლები ცვიოდა“ (1982), „პასპორტი“ (1990), მელოდრამა „ნასტია“ (1993), „არიოლი და რეშკა“ (1995).
2000 წელს, დიდი ხნის შესვენების შემდეგ, დანელიამ კომედია „ფორტუნა“ გადაიღო. 2013 წელს, 1983 წლის ფანტასტიკური კომედიის მიხედვით, გამოვიდა ანიმაციური
გიორგი დანელია ავტორია ბიოგრაფიული წიგნისა „უბილეთო მგზავრი“ (2002), „სადღეგრძელებელი ბოლომდე სვამს“ (2005), „ჩიტო-გვრიტო“ (2006).
რეჟისორი დაჯილდოებულია ქართული ღირსების ორდენით, არის უპრეცედენტო რაოდენობის პრიზის მფლობელი სხვადასხვა კინოფესტივალებზე, მათ შორის მთავარ ფესტივალებზე კარლოვი ვარში, ვენეციაში, სან-სებასტიანში, მოსკოვში, ასევე მიღებული აქვს სპეციალური პრიზები აკაპულკოში, რიმინიში, მადრიდში.
2003 წლიდან დანელია „ტრადიციების შენარჩუნებისა და ახალი კინოს განვითარების გიორგი დანელიას ფონდის“ პრეზიდენტია.