თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ბათუმსა და ფოთში კოკისპირულმა წვიმამ გადაიღო, მაგრამ ზოგან კვლავ გრძელდება წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.
კოკისპირულმა წვიმამ, ქარმა და ოთხბალიანმა შტორმმა ბათუმსა და ფოთში წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა ქუჩები და შენობების პირველი სართულები. ბათუმში ასევე წყლით დაიფარა რკინიგზის სადგური და თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა. ქალაქის ნაწილს მთელი ღამე გათიშული ჰქონდა ელექტროენერგია. დაზარალებულ ქალაქებში გუშინ რმდენიმე სამაშველო ბრიგადა და სპეცტექნიკა გაიგზავნა თბილისიდან და ქუთაისიდან.
„ქუჩებში წყალი პრაქტიკულად აღარ დგას, არის გარკვეული სირთულეები და ცალკეულ რაიონებში კვლავ გრძელდება წყლის ამოტუმბვა. ღამის განმავლობაში დახმარების თხოვნით სამასამდე გამოძახება დაფიქსირდა“, — განაცხადა სგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენელმა.
ბათუმელებს მიაჩნიათ, რომ ქუჩების დატბორვა სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის ბრალია. „ძლიერი წვიმა იყო და ყველაფერი წყლით დაიფარა. ისიც კი არ ვიცით, როდის დაიწყებენ ამ ყველაფრის დათვლას და აგვინაზღაურებენ თუ არა ზარალს. პირველ სართულზე ყველაფერი გაგვიფუჭდა — სამზარეულო, ავეჯი, ტექნიკა. ბავშვები მეორე სართულიდან ვერ ჩამოდიან. ჩვენს ქუჩაზე უკვე რამდენიმე წელია, სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა“, — განცხადა ბათუმელმა ქალბატონმა, რომელიც ე.წ. ჭაობის უბანში ცხოვრობს და რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა წვიმისგან.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლის მონაცემებით, ელჭექის გამო ფოთში ელექტროენერგიის მიწოდება ორ წყალსაქაჩ სადგურს შეუწყდა, რმაც კიდევ უფრო გაართულა სამაშველო სამუშაოები.
„ფოთის წყალსაქაჩი სადგურები ვერ უმკლავდება ასეთი რაოდენობის ნალექს. აქედან გამომდინარე, ხდება ის, რაც მოხდა გუშინ. მერიის სამსახური დეტალურად დაითვლის ფინანსურ ზარალს, რომელიც ქალაქის მოსახლეობას მიადგა“, — განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ.
თუ როდის შეიქმნება ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, ჯერჯერობით უცნობია.