ექსპერტი: ქურთისტანის მუშათა პარტიამ აზერბაიჯანის ინტერესებს დაარტყა

© photo: Sputnik / Алексей Рыбаков / გადასვლა მედიაბანკშიხანძარი გაზსადენზე
ხანძარი გაზსადენზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქო-ერზურუმის გაზსადენის აფეთქებით ტერორისტებს თურქეთის ფინანსური სისტემის, ასევე მისი იმიჯისთვის დარტყმის მიყენება უნდათ. მათ სურთ, თურქეთი წარმოაჩინონ, როგორც არასტაბილური ქვეყანა, რომელსაც მსხვილი პროექტების უსაფრთხოების გარანტირება არ შეუძლია.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენის აფეთქება აზერბაიჯანის ინტერესებსაც ძლიერ დარტყმას აყენებს, განუცხადა სააგენტო ”სპუტნიკ აზერბაიჯანს” პოლიტოლოგმა ელჰან შაინოღლიმ.

 თურქეთის პროვინცია ყარსის ქალაქ სარიკამიშში, ბაქო-თბილისი ერზურუმის გაზსადენის მონაკვეთზე მორიგი აფეთქება მოხდა, რომელიც ”ქურთისტანის მუშათა პარტიის” დაჯგუფების წევრებმა მოაწყვეს.

 ”ამ ენერგეტიკული მილსადენის აფეთქებით, ”ქურთისტანის მუშათა პარტიამ” გამოწვევა ესროლა და ომი დაიწყო არა მარტო თურქეთთან, არამედ აზერბაიჯანთანაც. ამ გაზსადენზე დარტყმა შეიძლება შევაფასოთ, როგორც დარტყმა აზერბაიჯანზე, ქვეყანაზე, რომელიც თავის გაზს თურქეთს აწვდის და იქიდან — ევროპას”, — აღნიშნა პოლიტოლოგმა.

 მისი აზრით, ”ქურთისტანის მუშათა პარტია”, პრაქტიკულად, აზერბაიჯანს უახლოვდება, ტერორისტები კეტავენ გზებს, აფეთქებენ ავტომანქანებს აღმოსავლეთ თურქეთშიც — ყარსის, იგდირის პროვინციაში, ნახჭევანთან საზღვარზე, რითიც აზერბაიჯანს საფრთხეს უქმნიან.

 რაც შეეხება თურქეთის მხრიდან ენერგეტიკული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, შაინოღლიმ განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებას, სურვილის მიუხედავად, უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია, რადგანაც თუ დღისით თურქულ ჟანდარმერიას შეუძლია თავლყური ადევნოს ქალაქის სიმშვიდეს, ღამით ტერორისტები აქტიურდებიან და ასეთ პირობებში პოლიციელების მუშაობა რთულდება.

 ”გაზსადენის აფეთქება თურქეთისთვის სერიოზული სიგნალი უნდა იყოს, ოფიციალური ანკარა ძირეულად უნდა დაფიქრდეს ამ მილსადენების უსაფრთხოების გაზრდაზე. ამჟამად თურქეთი ერთადერთი ქვეყანა რჩება ენერგეტიკული პროექტებისთვის და ამიტომ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი და პარტნიორების ინტერესები”, — აღნიშნა ანალიტიკოსმა.

 მისი თქმით, არსებობს საფრთხე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და მშენებარე ტრანსანატოლიური (TANAP) გაზსადენისთვის. ყველა ფაქტორი აზერბაიჯანული ენერგორესურსების თურქეთში მიწოდებისთვის რისკების გაზრდაზე მეტყველებს. ამან შეიძლება ”ქურთისტანის მუშათა პარტია” მტრის ხელში თურქეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად აქციოს.

 ”ბაქო-ერზურუმის გაზსადენის აფეთქებით ტერორისტებს თურქეთის ფინანსური სისტემის, ასევე მისი იმიჯისთვის დარტყმის მიყენება უნდათ. მათ სურთ, თურქეთი წარმოაჩინონ, როგორც არასტაბილური ქვეყანა, რომელსაც მსხვილი პროექტების უსაფრთხოების გარანტირება არ შეუძლია”, — დაასკვნა ექსპერტმა.

 გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზურუმი, ე. წ. სამხრეთკავკასიური გაზსადენი, ”შაჰ დენიზის” საბადოებიდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტისთვის არის აუცილებელი. მილსადენი სათავეს ბაქოს ახლოს მდებარე ტერმინალზე იღებს, გადის საქართველოზე და თურქეთის ქალაქ ერზურუმში მთავრდება, სადაც გამანაწილებელი ჰაბია.


ყველა ახალი ამბავი
0