თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. თბილისში 14 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებული 66 სახლის რეაბილიტაციისათვის 1 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ბექა მიქაუტაძემ 25 აგვისტოს განაცხადა.
14 ივნისის ღამეს, თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი, 300 კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. დედაქალაქისათვის მიყენებულმა ზარალმა 90 მილიონი დოლარი შეადგინა.
„დაზიანებული სახლების სია მოქალაქეთა განაცხადების შესწავლის შემდეგ შეიქმნა“. რამდენიმე დღის შემდეგ შედგება პროექტები და დაიწყება სამუშაოები. ამინდის გაუარესების გამო, პირველ რიგში სახლების გადახურვას დავიწყებთ, რათა მოსახლეობა უარესად არ დაზარალდეს“, — განაცხადა მიქაუტაძემ.
იმ ოჯახების ნაწილმა, ვისი სახლებიც წყალდიდობის შედეგად დაინგრა, უკვე შეიძინა ახალი საცხოვრებელი თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი სახსრებით. დღეისათვის თბილისის მერიამ ზარალი უკვე 34 ოჯახს აუნაზღაურა.