თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ჩინელი ინვესტორები ქუთაისის ყოფილი ავტოქარხნით დაინტერესდნენ, იტყობინება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური 25 აგვისტოს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის და საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იმპორტ-ექსპორტის პირველი საავტომობილო კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილის, გაო ფანგის შეხვედრის შემდეგ.
„ჩინური მხარე ქუთაისის ყოფილი ავტოქარხნით დაინტერესდა და მის ტერიტორიაზე ჩინეთის საავტომობილო ქარხნის წარმომადგენლობის გახსნის იდეა გამოთქვა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხევაში ქუთაისის ავტოქარხანაში ავტომობილების აწყობა და მათთვის საჭირო დეტალების დამზადება მოხდება, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების ბაზრისთვის იქნება იმპორტირებული“- ნათქვამია ინფორმაციაში.
დავით საგანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ჩინური მხარე საქართველოს და ამიერკავკასიის რეგიონის ბაზრის შესწავლას აწარმოებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების ჩადების დიდი სურვილი არსებობს, რაც ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი არის განპირობებული. შეხვედრის დასასრულს, გაო ფანგმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან გამართულ შეხვედრით კმაყოფილება გამოთქვა და დავით საგანელიძეს საჩუქრად ჩინური ავტომობილის პატარა მოდელი გადასცა.