თბილისის იუსტიციის სახლის ეზოში გასვლა აკრძალულია

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტების რეკომენდაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ამ პეტალზე დროულად უნდა დაიწყოს, რადგან პროცესის გაჭიანურებამ შესაძლოა, შენობის გარე პერიმეტრზე საფრთხე შეუქმნას ფეხით მოსიარულეთა ჯანმრთელობას.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. თბილისის იუსტიციის სახლის გადახურვა გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, რის გამოც შენობის ეზოს ერთ ნაწილში ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება 25 აგვისტოდან იზღუდება. დაზიანდა შენობის გარე პერიმეტრზე არსებული გადახურვის ერთ-ერთი — მე-9  პეტალი, ამ ინფორმაციას დღეს იუსტიციის სახლი ავრცელებს.

 მანამდე, თბილისში, მტკვრის სანაპიროზე მდებარე იუსტიციის სახლის გადახურვის  ნაწილი გრიგალის შედეგად 2013 წლის 3 დეკემბერს ჩამოიშალა. მაშინ შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა და სტრუქტურის მუშაობა სრულად შეჩერდა.  

 ამჟამად, დაზიანების აღმოჩენისთანავე, 2015 წლის 16 აგვისტოს, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობამ ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა, მოამზადა შესაბამისი დოკუმენტაცია და საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მიმართა ორ კერძო კომპანიას ალტერნატიული მოსაზრებისათვის  და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

 „დასკვნის თანახმად, გაჩენილია ბზარები, დაბერილია სამშენებლო მასალა, პეტალში ჩადის წყალი. დასკვნების თანახმად, აღნიშნული დაზიანებები სამშენებლო სამუშაოების დროს დაშვებულ დარღვევებს და ხარვეზებს უკავშირდება“, — ნათქვამია იუსტიციის სახლის Facebook-ის გვერდზე განთავსებულ  შეტყობინებაში.

 სპეციალისტების რეკომენდაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ამ პეტალზე დროულად უნდა დაიწყოს, რადგან პროცესის გაჭიანურებამ შესაძლოა, შენობის გარე პერიმეტრზე საფრთხე შეუქმნას ფეხით მოსიარულეთა ჯანმრთელობას.

 შენობის ექსპერტიზის საფუძველზე, უწყებამ სარემონტო სამუშაოები სამ ეტაპად დაყო. ასევე შემუშავდა ნაკლებად  სერიოზული პრობლემების გამოსწორების პროექტიც, რაც გულისხმობს შენობის თერთმეტივე პეტალზე რამდენიმე ათასი ნაკლოვანების გამოსწორებას. 

 „ეს სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. მათი ღირებულება 1 100.000 ლარს შეადგენს“   — ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.


ყველა ახალი ამბავი
0