თბილისის, 25 აგვისტო — Sputnik. თბილისში განისაზღვრა დატბორვისა და სიცოცხლისათვის საშიში ზონები, ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა უთხრა.
უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელიც წყალდიდობის შემდეგ მდინარე ვერეს ხეობაში თბილისსა და მის შემოგარენში შექმნილი სიტუაციის შესასწავლად შეიქმნა, დაამტკიცა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, უახლოეს ხანში გამოქვეყნდება.
„სვანიძის ქუჩიდან დაწყებული, ზოოპარკამდე, გმირთა მოედნის ჩათვლით, მთელი ეს ფართობი გაზომილია. გამოიყო ორი ძირითადი ზონა — დატბორვის ზონა და სიცოცხლისათვის საშიში ზონა. შემდეგში მერია ამ ზონების შესაბამისად იმოქმედებს“, — განაცხადა აგულაშვილმა.
14 ივნისის ღამეს, თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი, 300 კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. დედაქალაქისათვის მიყენებულმა ზარალმა 90 მილიონი დოლარი შეადგინა.