თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში შეხვედრებს გამართავს, რის შემდეგაც ვაშინგტონში გაემგზავრება, განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს, უკვე მეორე წელია, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს, რაც მასა და პრეზიდენტს შორის კიდევ ერთხელ იქცა განხეთქილების ვაშლად.
პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობებში თენგიზ ფხალაძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის დიდი ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე აუცილებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ამიტომ მიზანშეწონილი იქნება მისი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა, მით უფრო, რომ ის სესიის გახსნის პერიოდში აშშ-ში იქნება.
მაგრამ, იმერლიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის პრეზიდენტის მიწვევით სხვა ღონისძიებას დაესწრება.
„ეს გაეროს ეგიდით გამართული ღონისძიება არ არის. ის, უბრალოდ, დროში დაემთხვა. პრეზიდენტი ორი დღე ნიუ-იორკში იქნება, სადაც შეხვედრებს გამართავს, შემდეგ კი ვაშინგტონში გაემგზავრება“, — განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა ტელეკომპანია ”რუსთავი2-ის” ეთერში.
გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო, 70-ე სესია ოფიციალურად 15 სექტემბერს გაიხსნება. ზოგადი დებატები 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბრამდე გასტანს.