ქართველმა დოკუმენტალისტმა თომა ჩაგელიშვილმა სარაევოს კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიძველი კინოფირი
ძველი კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის პროექტი მონაწილეობდა სექციაში Docu Rough Cut Boutique, რომლის ფარგლებშიც კინემატოგრაფისტებს კინოპროექტების დასრულებაში ეხმარებიან. ამჟამად ჩაგელიშვილის ფილმი მონტაჟის პროცესშია.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ქართველი დოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი სარაევოს კინოფესტივალზე IDFA AWARD-ის პრიზის მფლობელი გახდა. ფესტივალი 2015 წლის 14-22 აგვისტოს მიმდინარეობდა, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეოვნული ცენტრი.

 კინოპროექტი მონაწილეობდა სექციაში Docu Rough Cut Boutique, რომლის ფარგლებშიც კინემატოგრაფისტებს კინოპროექტების დასრულებაში ეხმარებიან. ქართველმა რეჟისორმა ჯილდო პროექტისთვის ”ბერლინის მცირე კედელი” მიიღო, რომელიც ამჟამად მონტაჟის პროცესშია.

 ”გამარჯვების შემდეგ თომა ჩაგელიშვილის პროექტი ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის მარკეტზეა მიწვეული, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალად არის აღიარებული”, — აღნიშნულია განცხადებაში.

 თომა ჩაგელიშვილი ფილმების ციკლის ”საქართველოს უახლესი ისტორია” ავტორია, რომელიც 24 დოკუმენტური ფილმისგან შედგება. მათ შორისაა „პირველი პრეზიდენტის — ზვიად გამსახურდიას სიკვდილი”, „თბილისის ომი 1991-1992 წლებში”, „ილია ჭავჭავაძის მკვლელობა”, „70-იან წლებში დისიდენტურ მოძრაობასთან ბრძოლა” და სხვა.

 2010 წელს ფონდ „ინტერნიუსთან” თანამშრომლობით რეჟისორმა გადაიღო დოკუმენტური სერიალი „ევროპის მეზობლები”. იმავე წელს ჩაგელიშვილმა დააარსა დოკუმენტური ფილმების სტუდია „თი-სტუდია”.

 სარაევოში კინოფესტივალი პირველად 1995 წელს, სარაევოს ოთხწლიანი ალყის დამთავრებასთან დაკავშირებით გაიმართა. კინოფესტივალი სარაევოს სამოქალაქო საზოგადოების აღდგენასა და ქალაქის კოსმოპოლიტური სულის შენარჩუნებაში დახმარების მიზნით დაარსდა.

 ამჟამად სარაევოს კინოფესტივალი რეგიონში წამყვანი კინოფესტივალია. მას აღიარებენ როგორც კინოს პროფესიონალები, ისე ფართო აუდიტორია. 


ყველა ახალი ამბავი
0