საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის სამუშაოების შეწყვეტას ითხოვს

© photo: Sputnikსახელმწიფო კანცელარია
სახელმწიფო კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ზომები, რათა არ დაუშვას რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის მორიგ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებას და კატეგორიულად მოითხოვს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს  უკანონო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ ორშაბათს, 24 აგვისტოს გაავრცელა. 

 რკინიგზის აღდგენის მიზნით ოჩამჩირე-ენგურის ხიდის სარკინიგზო მონაკვეთზე, სამუშაოებს აწარმოებს სარკინიგზო ჯარების 500 სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მედიას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ბულგაკოვმა განუცხადა. 

 „აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმალობაში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ხასიათის ქმედებები. ნიშანდობლივია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ინტერვენციამდე, რუსეთმა ასევე უკანონოდ დაიწყო აფხაზეთის რეგიონში რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა და საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარები შემოიყვანა, რაც შემდგომში ეფექტურად გამოიყენა საჯარისო ნაწილებისა და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის სამხედრო მოქმედებების დროს“, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. 

 ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ზომები, რათა არ დაუშვას რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

 „საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას“, —ნათქვამია განცხადებაში.

 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა. პასუხად, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 

 ოფიციალურ თბილისს არა ერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემის მოგვარებამდე რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენაზე საუბარიც კი არ იქნება. 


ყველა ახალი ამბავი
0