თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენას, ქვეყნის ხელისუფლება დიპლომატიურ ძალისხმევასა და საერთაშორისო მობილიზაციას დაუპირისპირებს, განაცხადა ორშაბათს, 24 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.
რკინიგზის აღდგენის მიზნით ოჩამჩირე-ენგურის ხიდის მონაკვეთზე, სამუშაოებს აწარმოებს სარკინიგზო ჯარების 500 სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკა, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მედიას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დმიტრი ბულგაკოვმა განუცხადა.
„მსგავს ფაქტებს… შეიძლება დაუპირისპირო მხოლოდ საერთაშორისო მობილიზაცია და ის დიპლომატიური ძალისხმევები, რომელსაც მუდმივად ახორციელებს საქართველო. ვფიქრობ ჩემი ვიზიტი ვაშინგტონში გასულ კვირას - ამის მაგალითია“, თქვა ხიდაშელმა.
საქართველოს ხელისუფლებასთან აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის თაობაზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თქვა მინისტრმა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა. პასუხად, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.
ოფიციალურ თბილისს არა ერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემის მოგვარებამდე რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენაზე საუბარიც კი არ იქნება.