თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ქართველმა მაშველებმა და მესაზღვრეებმა ამინდის გაუარესების გამო ომალოში ჩარჩენილი ტურისტები — 620 ადამიანი, ვერტმფრენით ჩამოიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური იტყობინება.
20 აგვისტოს, ახმეტის რაიონში, ომალო-ლეჩურის გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ალვანი-ომალოს მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც იქ მყოფი ქართველი და უცხოელი ტურისტები ვეღარ ახერხებდნენ ომალოდან დაბრუნებას.
ომალოში ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად, სამაშველო ოპერაცია 23 აგვისტოს გამთენიისას დაიწყო. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.
თუშეთის სხვადასხვა სოფლიდან ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ომალოში ჩამოყვანა სასაზღვრო პოლიციის ავტომანქანებით განხორციელდა. მაშველებმა და მესაზღვრეებმა ვერტმფრენით ომალოდან 620 ადამიანი ახმეტის რაიონის სოფელ ფშაველში ჩამოიყვანეს, საიდანაც ისინი მაშველებმა და პოლიციელებმა ავტომობილებით თელავის რაიონში გადაიყვანეს.