თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ანტიტერორისტული ოპერაციის (АТО) ზონაში დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მოინახულა, იუწყება ორშაბათს, 24 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
ისინი საქართველოში რეაბილიტაციის კურსს საქართველო-უკრაინას შორის 2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად გადიან.
„ამჟამად ჩვენს სამკურნალო დაწესებულებებში უკრაინელი ახალგაზრდები გადიან რეაბილიტაციას. მზად ვართ, აღმოვუჩინოთ ყველანაირი დახმარება, რაც კი შეგვიძლია. ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის ჰუმანიტარულ პროექტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სჭირდება — საზღვრების მიუხედავად“, — განაცხადა ხიდაშელმა.
თინათინ ხიდაშელმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს „დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამარჯვება“ იქნება.
წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს თინათინ ხიდაშელთან ერთად საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გეორგი ნაზაროვი და უკრაინის სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი ეწვივნენ.