თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველო მზადაა უკრაინას დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის მშენებლობაში დაეხმაროს, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის უკრაინელი კოლეგა პავლო კლიმენკოსადმი გაგზავნილ მისალოც ბარათში.
24 აგვისტოს უკრაინაში სახელმწიფო დღესასწაული — დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის სსრ-ის უმაღლესმა რადამ (უმაღლესი საბჭო) უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი მიიღო.
„საქართველო, როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი, მზადაა დახმარება გაუწიოს და თავისი გამოცდილება გაუზიაროს უკრაინას დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის მშენებლობის საქმეში“, — ციტირებს თამარ ბერუჩაშვილის სიტყვებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა საერთო ღირებულებებსა და მისწრაფებებს ეფუძნება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული ინტეგრაციაა, აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
თავდაპირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის დღედ 16 ივლისი გამოცხადდა, რადგან 1990 წლის ამ დღეს უკრაინის სსრ-ის უმაღლესმა რადამ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაცია მიიღო.