თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრი ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ „ოსკარზე“ წარსადგენად ფილმების შერჩევას იწყებს, უკვე ცნობილია კომისიის შემადგენლობა, იუწყება კინოცენტრი.
კინოცენტრის ინფორმაციით, განიხილება ფილმები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე, 7 დღის ვადაში ფილმი უწყვეტად გადიოდა კინოთეატრში;
აღნიშნულ ფილმს გააჩნია კინოინდუსტრიაში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისი რეკლამა (აფიშა, თრეილერი);
ფილმი უნდა იყოს მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე;
ფილმი, კინოთეატრში პრემიერამდე, არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით;
ფილმის შემოქმედებით ჯგუფში მეტწილად უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და/ან რეზიდენტები;
განაცხადში ფილმის პროდიუსერმა უნდა დაადასტუროს, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და მას აქვს უფლება წარმოადგინოს ფილმი განსახილველად.
პროდიუსერმა განაცხადს უნდა დაურთოს ფილმის ასლი DVD/BluRay ან DCP-ზე, ინგლისურენოვანი სუბტიტრების თანხლებით.
BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ. DVD ვერსია კი დარჩება კინოცენტრის არქივში.
ცნობილია კომისიის წევრთა ვინაობა:
ნანა ჯანელიძე — რეჟისორი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
ზაზა ურუშაძე — რეჟისორი
გიორგი ოვაშვილი — რეჟისორი
ნანა ჯორჯაძე — რეჟისორი
კახი კანდელაკი — კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
ლელა ოჩიაური — კინომცოდნე
ვაჟა გიგაშვილი — მწერალი და სცენარისტი
ნოშრე ჩხაიძე — პროდიუსერი
მარიშა კიტია — მსახიობი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო. შერჩეული კვალიფიციური ფილმების ჩვენება და მათი კომისიის მიერ განხილვა მოხდება სექტემბრის პირველ ნახევარში, ოქტომბრის თვეში კი საქართველო „ამერიკის კინოაკადემიას" 2015 წლის კანდიდატ ფილმს წარუდგენს.