თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბელგიის ხელისუფლებამ ამსტერდამი-პარიზის მატარებელში მომხდარი სროლის შემდეგ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, იუწყება ტელერადიოკომპანია RTL.
უცნობმა პირმა პარასკევს ჩქაროსნულ მატარებელში Thalys, რომელიც ამსტერდამიდან პარიზში მიდიოდა, ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა. დაშავდა სამი ადამიანი. ბოროტმოქმედის განიარაღება მგზავრებმა შეძლეს, რომელთა შორის ორი ამერიკელი ჯარისკაცი იყო. დაზუსტებული ინფორმაციით, სამხედროები დაიჭრნენ — ერთი ცეცხლსასროლი იარაღით, მეორე — დანით.
შემთხვევას პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტული ქვედანაყოფი იძიებს.
მედიის ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელი 26 წლის ესპანეთში მცხოვრები მაროკოელია. მისი სახელია, სავარაუდოდ, აიუბ ალ-კაზანიონი. ის სირიაში იმყოფებოდა და ფრანგული სპეცსამსახურების მონაცემთა ბაზაში აღრიცხულია, როგორც რადიკალური ისლამისტური იდეების გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი.
მედიის ცნობით, ბოროტმოქმედის ბარგში რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი აღმოაჩინეს. წინსწარი ვერსიით, ეჭვმიტანილი მატარებელში ბრიუსელის სამხრეთ ვაგზალზე ჩაჯდა.