ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

© photo: Sputnik / Besik Pipiaენგურ ჰესის კაშხალი
ენგურ ჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენგურგეჰესი ქვეყნის ის პირველი ინდუსტირული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, იტყობინება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელი მოაწერეს ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის განსაზღვრის შეთანხმებას.

ენგურგეჰესი ქვეყნის ის პირველი ინდუსტირული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს „ენგურჰესის“ ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება. 

ხელმოწერის საზეიმო ცერემონია დაბა ჯვარში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საინვესტიციო ფონდის, ენერგო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

„ასეთ ძეგლებზე, მათ დაცვასა და განვიტარებაზე იუნესკო ზრუნავს და ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ პროცედურებს რათა ენგურ ჰესის თაღოვანი კაშხალი შეტანილ იქნეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში“, — განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

 

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსი და უდიდესი ჰესია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივისიგძე 728 მეტრია; ცის თაღის ფორმის კაშხალი, მისი სიმაღლით, მსოფლიოს თაღოვანი კაშხალების ხუთეულში შედის. 

ენგურზე ჰესის მშენებლობის დაწყებას საფუძვლად ნიკო ნიკოლაძის სურვილი და იდეა უდევს, რომელზეც მსჯელობა 20 წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ნახევრსაუკუნოვანი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება, მოგვიანებით, ტერიტორიის კველვისა და დეტალური დაზვერვის შედეგად მიიღეს. საბოლოოდ, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და 1977 წელს დასრულდა.

 


ყველა ახალი ამბავი
0