თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია 27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების მონაცემებით, ცენტრის ოფიციალური გახსნა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება, რომელიც 26-27 აგვისტოს შედგება.
„27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია“, — აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყების განცხადებაში წერია, ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. სტოლტენბერგი ასევე შეხვდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულს, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა იმ ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში იგეგმება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვას და რომელიც 2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე დაამტკიცეს. ცენტრში მომზადებას გაივლიან ალიანსის პარტნიორი-ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის ”პარტნიორობა მშვიდობისთვის” მონაწილე გახდა. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.