აპატურაი: ნატო გმობს რუსეთის ქმედებებს

© Photo: courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს სახელმწიფო საზღვარი
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის უკანონო ქმედებების გამო, პირველ რიგში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფლების მოსახლეობა იტანჯება, აღნიშნა ნატოს წარმომადგენელმა.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ნატო რუსეთზე ზეწოლას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო კვლავ გააგრძელებს, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 10 ივლისს რუსმა სამხედროებმა ცხინვალის რეგიონის „საზღვართან“ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები წარწერით „სამხრეთ ოსეთი“ დაამონტაჟეს და ე. წ. საზღვარი 800 მეტრით გადმოწიეს. ამის შედეგად რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ბანერებს იქით მოხვდა.

 „ძალზე შეშფოთებული ვართ იმით…  რომ რუსეთის დახმარებით ე.წ. საზღვრის გადმოწევა ხდება… ჩვენ ვგმობთ ამას და რუსეთზე ზეწოლას ვაგრძელებთ… არა მხოლოდ უკრაინაში არსებული ვითარების გამო, არამედ საქართველოს მიმართ განხორციელებული ქმედებების გამოც“, — განაცხადა აპატურაიმ.

რუსეთის უკანონო ქმედებების გამო, პირველ რიგში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფლების მოსახლეობა იტანჯება, აღნიშნა ნატოს წარმომადგენელმა.

 „ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან მწარე სინამდვილეს — დილით იღვიძებენ და აღმოჩნდება, რომ ე. წ. საზღვარი უკვე მათ სახლთან არის გავლებული. მათ მიწა დაკარგეს და ძალზე რთულ მდგომარეობაში არიან“, — აღნიშნა აპატურაიმ.

 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივად აღიარა. საქართველომ ამის საპასუხოდ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.


ყველა ახალი ამბავი
0