საბერძნეთის პრემიერმა თანადებობა დატოვა და ვადამდელი არჩევნები გამოცხადა

გამოწერა
დახმარების მესამე პროგრამაზე შეთანხმების რატიფიკაციასთან დაკავშირებული კენჭისყრისას პარტია „სირიზას“ მემარცხენე ფრთა პანაიოტის ლაფაზანისოსის ხელმძღვანელობით, მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა და ციპრასს წინასაარჩევნო დაპირებების დარღვევაში დასდო ბრალი.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა თანამდებობიდან გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა. არჩევნების დასრულებამდე საბერძნეთის მთავრობას, კონსტიტუციის შესაბამისად, „არეოპაგის“ (უზენაესი სასამართლო) თავმჯდომარე ვასილიკი ტანუ-ქრისტოფილუ ჩაუდგება სათავეში. მთავრობას პირველად, თუნდაც დროებით, ქალი უხელმძღვანელებს.

 არჩევნების თარიღი ციპრასს არ დაუსახელებია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის 20 სექტემბერს გაიმართება.

 ციპრასი საბერძნეთის მთავრობას სათავეში შვიდი თვის წინ, მას შემდეგ ჩაუდგა, რაც 2015 წლის 25 იანვარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „სირიზას“ რადიკალური მემარცხენეების კოალიციამ გაიმარჯვა.

 „საბერძნეთის პრეზიდენტს ჩემი და მთელი მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მივმართე“, — განაცხადა ციპრასმა ხალხისადმი მიმართვისას, რომელიც ბერძნულმა ტელეარხებმა გადასცეს.

მისი თქმით, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს სახელმწიფო ვალის ჩამოწერის შესახებ, ვინ გაატარებს რადიკალურ რეფორმებს.

 „ზეწოლამ, შანტაჟმა, ფინანსურმა დახრჩობამ და ულტიმატუმებმა საბერძნეთში უპრეცედენტო ვითარებამდე მიგვიყვანა. საზოგადოებას უნდა, რომ ყველაფერი შეიცვალოს. ყველა ჩვენს დასახულ მიზანსა თუ შეთანხმებას, რაც გვინდოდა, ვერ მივაღწიეთ. მაგრამ მივაღწიეთ შესაძლებლიდან საუკეთესო შეთანხმებას. ეს შეთანხმება დაცული უნდა იყოს“, — განაცხადა ციპრასმა.

მისი თქმით, კაბინეტს ხალხის ნათელი, აშკარა მანდატის მიღება და სტაბილური მთავრობა უნდა.

 „თქვენი ხმებით გვინდა გადავწყვიტოთ, ვის და როგორ შეუძლია საბერძნეთის გაძღოლა რთულ, მაგრამ იმედისმომცემ გზაზე“, — განაცხადა ციპრასმა.

დახმარების მესამე პროგრამაზე შეთანხმების რატიფიკაციასთან დაკავშირებული კენჭისყრისას პარტია „სირიზას“ მემარცხენე ფრთა პანაიოტის ლაფაზანისოსის ხელმძღვანელობით, მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა და ციპრასს წინასაარჩევნო დაპირებების დარღვევასა და კრედიტორებისადმი საბერძნეთის სრულ დაქვემდებარებაში დასდო ბრალი. შეთანხმების რატიფიცირება მხოლოდ ოპოზიციის ხმების წყალობით მოხდა, რომელმაც ამით საბერძნეთის ევროპულ გზას დაუჭირა მხარი. ციპრასმა მაშინ განაცხადა, რომ თავისი პოლიტიკის გატარებისას მთავრობას პარლამენტში მყარი უმრავლესობა უნდა ჰყავდეს.  

 ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში კენჭისყრა არა დეპუტატების ცალკეული კანდიდატების, არამედ პარტიული სიების მიხედვით ტარდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ ჩამოყალიბდება „სირიზას“ პარტიული სია. „დისიდენტი“ დეპუტატები თვლიან, რომ ისინი სიაში უნდა დარჩნენ. პარტიის ყრილობა, როგორც რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა აცნობა, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

 გარდა ამისა, გაურკვეველია მმართველი კოალიციის უმცროსი პარტნიორის — პარტია „დამოუკიდებელი ბერძნების“ ბედი, როელმაც, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, სპარლამენტო არჩევნებში სამპროცენტიანი ბარიერი შეიძლება ვერ გადალახოს.

 „სირიზას“ მემარცხენე პლატფორმამ ციპრასის გადაწყვეტილება არჩევნების სასწრაფოდ ჩატარების შესახებ უკვე გააკრიტიკა. არავინ ატარებს არჩევნებს, თუ ხალხს სრულ ინფორმაციას არ აწვდის, თუ ამის სერიოზული მიზეზები არ არის, აღნიშნულია ერთ-ერთ სტატიაში.

 „მთავრობა პანიკაშია, შეშინებულია, ძალზე გაოცებული და შეშფოთებულია. მთავრობას აკანკალებს მემორანდუმის იმ უმძიმესი შედეგების გამო, რაც ყოველდღიურად უფრო და უფრო მტკივნეული გახდება ხალხისთვის. მთავრობას უნდა, რომ მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე იქამდე მივიდნენ, სანამ ისინი მესამე მემორანდუმის ღონისძიებების შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებენ და კიდევ, სანამ ისინი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალ მძიმე ტვირთს იგრძნობენ“, — აღნიშნულია სტატიაში.

 სტატიის ავტორის აზრით, მთავრობა მემარცხენე პლატფორმის მხილებას აპირებდა, რომ ის არჩევნებისთვის ვერ მომზადებულიყო. მაგრამ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოპოზიციაც. მემარჯვენე-ცენტრისტული „ახალი დემოკრატია“, ანტონის სამარასის გადადგომის შემდეგ, ლიდერის გარეშე დარჩა, ახლა მას დროებით პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვანგელის მეიმარაკისი ხელმძღვანელობს. რთული ვითარებაა მემარცხენე-ცენტრისტულ „პასოკში“ (სრულიად ბერძნული სოციალისტური მოძრაობა), რომელმაც ცოტა ხნის წინ თავმჯდომარე შეიცვალა, მაგრამ პოპულარობა დაკარგა.


ყველა ახალი ამბავი
0