თბილისი, 20 აგვისტო-Sputnik. საქართველოში საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოეწერა „დოიჩე ტელეკომის“ ჯგუფის კომპანია „დეტეკონსა“ და „ოუფენ ნეტს“ შორის, იუწყება საქართველოს ეკონომკის სამინისტრო.
პროექტის ფარგლებში მთელ საქართველოში შეიქმნება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების სისტემა, რომელიც ქვეყნის 2 ათასამდე დასახლებულ პუნქტს ხელმისაწვდომი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს. ახალ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურას მიუერთდება ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა სკოლა და ბიბლიოთეკა.
პროექტი „ფონდი ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს რეგიონების ინტერნეტით დაფარვის გაზრდა წარმოადგენს, ამიტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის დარეგისტრირდა ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი“ (არაკომერციული).
საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვის მიზნით ჩატარდა წინასწარი შეფასება და ბაზრის შესწავლა. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ხუთი წამყვანი საკონსულტაციო ორგანიზაცია. ყველა კომპანიამ, წარმოადგინა წინასწარი წინადადება და წინსაწარი საბიუჯეტო შეფასება.
წინასწარი შეფასებისა და ბაზრის შესწავლის შედეგად საუკეთესო კომპანიად როგორც გამოცდილების, ასევე შემოთავაზებული ფასის მიხედვით შეირჩა „დოიჩე ტელეკომის“ ჯგუფის წევრი საკონსულტაციო კომპანია „დეტეკონი“, რომელსაც მსგავსი პროექტების განხორციელების 30-წლიანი გამოცდილება აქვს.
პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურით, ყველა პროვაიდერს და ოპერატორს არადისკრიმინაციულად ექნება საშუალება, თავისი სერვისი მიაწოდოს 2000-მდე დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლებს.