ჩანჩქერთან ფოტოს გადაღების გამო დაღუპული ოპერისა და ბალეტის სოლისტი აღმოჩნდა

© https://www.facebook.com/mshvenieradze.giorgi?fref=photoოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი გიორგი (გუგა) მშვენიერაძე
ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი გიორგი (გუგა) მშვენიერაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მშვენიერიძე მდინარე ხადორის წყალსაცავში დაიხრჩო. მას ფეხი აუცურდა, წყალში გადავარდა და შემდეგ დინებამ წაიღო.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა, რომლისთვისაც პანკისის ხეობაში ჩანჩქერის ფონზე ფოტოს გადაღება საბედისწერო აღმოჩნდა, ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი გიორგი (გუგა) მშვენიერიძე აღმოჩნდა, იუწყებიან თეატრი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

გიორგი მშვენიერიძე მდინარე ხადორის წყალსაცავში დაიხრჩო. მას ფეხი აუცურდა, წყალში გადავარდა და შემდეგ დინებამ წაიღო.

გადაუდებელი დახმარების ცენტრში მომხდარის შესახებ ინფორმაცია 18 აგვისტოს შევიდა. ადგილობრივი სამაშველო სამსხური შემთხვევის ადგილას გავიდა, მაგრამ მისი წყლიდან ამოყვანის შემდეგ ის უკვე გარდაცვლილი იყო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარება და ექსპერტ-კრიმინალისტები.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა).

გიორგი მშვენიერიძემ 2007 წელს დაამთავრა ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი და იმავე წელს მიიღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში. 

2002 წელს მშვენიერიძემ მიიღო დიპლომი ნომინაციაში,,საუკეთესო დებიუტი ” პირველ საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე ჭაბუკიანი-ბალანჩინი. 

2010-2014 წლებში მონაწილეობდა ბურნონვილის საზაფხულო აკადემიაში. 2014 წელს მიიღო ვერცხლის მედალი კლასიკურ ქორეოგრაფიაში და ოქროს მედალი თანამედროვე ქორეოგრაფიაში რიგის ბალეტის საერთაშორისო კონკურსზე "რიგის გაზაფხული".

თავისუფალ დროს გიორგი მშვენიერიძე გატაცებული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიებით, პროგრამირებითა და დიზაინით.

მან შექმნა ვებგვერდი Balletoman.com, რომელიც საბალეტო სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ ვებ-პორტალზე შესაძლებელია მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო თეატრების მსოფლიო კლასიკური და თანამედროვე პრემიერების ნახვა. მშვენიერიძე ბალეტის ისტორიიდან და თანამედროვე რეპერტუარიდან უნიკალურ ვიდეოჩანაწერებს პირადად ეძებდა და აქვეყნებდა ვებგვერდზე.

გიორგი მშვენიერიძის პანაშვიდები გაიმართება 20 და 21 აგვისტოს მის სახლში მისამართზე: თბილისი, მოსკოვის გამზ., ქინძმარაულის ქ. №2, მე-7 შესახვევი. 22 აგვისტოს მის ცხედარს წმინდა ბარბარეს ეკლესიაში გადაასვენებენ და 13:00 საათზე დაკრძალავენ.


ყველა ახალი ამბავი
0