თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. 19 აგვისტოს, ოთხშაბათს, ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "Colosseum Marina" ოფიციალურად გაიხსნა. ახლადგახსნილი სასტუმრო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა, იტყობინება მთავრობის პრეს-სამსახური. ადგილობრივ მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სასტუმროს მშენებლობა 2013 წლის 1 მარტს დაიწყო. მშენებლობაში "მარი ჯგუფმა" 14 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
მთავრობის მეთაურმა სასიხარულო უწოდა ბათუმში კიდევ ერთი თანამედროვე ტიპის სასტუმროს გახსნის ფაქტს და იმედი გამოთქვა, რომ კოლიზეუმის ფორმის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, გამორჩეული დიზაინისა და უნიკალური მდებარეობის გამო, მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ინვესტორს — ინგა არშბას და მის ოჯახს წლების განმავლობაში ბათუმში განხორციელებული ინვესტიციებისთვის.
"წელს ბათუმში უკვე მესამე სასტუმრო გავხსენით. წელსვე ბათუმში 20 სასტუმროს პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენს 700 მილიონ დოლარს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა მოთხოვნა არის მზარდი და ტურისტების რაოდენობა მატულობს ბათუმში და ზოგადად აჭარაში. ჩვენ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა გვქონდა ტურისტების გასულ წლებში და წელსაც მათი რიცხვი მნიშვნელოვნად დიდია. ტურიზმი არის მზარდი და ამ მიმართულებით საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება," — განაცხადა პრემიერმა სასტუმროს დათვალიერების შემდეგ.
10 სართულიანი სასტუმრო 101 ნომერს მოიცავს. სასტუმროს 80 ადგილიანი ავტოსადგომი, ჩოგბურთის ღია და დახურული ორი მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, 1200 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ორი ვერანდა, ღია და დახურული აუზები, ორი საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი და ბავშვებისთვის განკუთვნილი იზოლირებული გასართობი კუთხე გააჩნია.