თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას უახლოეს ხანებში შიდა ქართლის რეგიონიც შეუერთდება, განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ოთხშაბათს, 19 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის თქმით, C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა შიდა ქართლის რეგიონში უახლოეს დღეებში დაიწყება და გორის სამხედრო ჰოსპიტალში განხორციელდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2015 წელი ქვეყანაში C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად არის გამოცხადებული. სახელმწიფო პროგრამით ჰეპატიტის მკურნალობის მსურველთა რეგისტრაცია 2015 წლის 28 აპრილს დაიწყო.
„ამ დროისათვის 3 ათას 45 პაციენტი უკვე გადის მკურნალობას. სულ დარეგისტრირებულია 10 ათასამდე პაციენტი, რომლებიც ასევე უახლოეს ხანებში ჩაერთვებიან ამ პროგრამაში“, — თქვა მინისტრმა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ბენიფიციარებს ემსახურებიან ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, ჰეპა, ნეოლაბი და მრჩეველი, რომლებიც თბილისშია განთავსებული. მათ რიცხვს უახლოეს დღეებში გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაემატება.
ჯანდაცვის უწყებამ უკვე გადასცა სამხედრო ჰოსპიტალს სპეციალური მოწყობილობა და ფიბროსკანის აპარატი, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა C ჰეპატიტის მკურნალობისათვის.
სერგეენკომ აღნიშნა, რომ პრეპარეატის გადაყიდვის ან პაციენტთა პროგრამაში ნაცნობობით ჩართვის ფაქტები არ დაფიქსირებულა.
მინისტრმა ასევე პირობა დადო, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში საზოგადოებას აცნობებს C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობას. მინისტრის თქმით ამ მხრივ საქართველოში ჯერაც სავალალო მდგომარეობაა, რადგან ქვეყანა დაავადებულთა რიცხვით მსოფლიო სამეულში შედის.