თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 1 და 2 სექტემბერს პირველკლასელების დამატებით რეგისტრაციას ჩაატარებს, რომლებმაც სხვადასხვა გარემოებების გამო რეგისტრაცია ვერ გაიარეს, იუწყება ოთხშაბათს, 19 აგვისტოს საქართველოს განათლების სამინისტროს პრეს-სამსახური.
„1 და 2 სექტემბერი განისაზღვრა პირველკლასელთა დამატებით სარეგისტრაციო ვადად იმ ბავშვებისთვის, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ დღემდე არ არიან დარეგისტრირებულნი სკოლაში“, — აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონული ფორმით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ვაკანტური ადგილებია.
რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 3 და 4 სექტემბერს.
მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას, დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის — სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.
სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
ამჟამად საჯარო და კერძო სკოლებში 46 ათას 660 პირველკლასელია დარეგისტრირებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2015-2016 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებად 2015 წლის 23 აპრილილიდან11 ივლისამდე პერიოდი განსაზღვრა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ვადის ამოწურვის შემდეგ სამინისტროში რამოდენიმე ასეული მომართვა შემოვიდა იმ მშობლებისაგან, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო გამორჩათ პირველკლასელთა რეგისტრაციის პერიოდი და ვერ დაარეგისტრირეს ბავშვები.