თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხი მისი საქმე არ არის.
„სააკაშვილის მოქალაქეობის შესახებ არ ვიცი… ეს ჩემი საქმე არ არის. ამას კანონი გაარკვევს“, — განუცხადა ჟურნალისტებს ოთხშაბათს, 19 აგვისტოს ღარიბაშვილმა.
გასულ კვირას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი უწყება უკრაინის ხელისუფლებისგან პასუხს ელოდება იმის თაობაზე, მართლა მიიღო თუ არა სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა. შესაბამისი დოკუმენტების მიღების შემდეგ მთავრობა სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურის დაწყებას შეძლებს.
საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყნის მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს, საქართველოს მოქალაქეობას კარგავს. როგორც ცნობილია, სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 30 მაისს მიიღო და ოდესის ოლქს ჩაუდგა სათავეში.
სამშობლოში სააკაშვილზე ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წელს სააკაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი რამდენიმე სისიხლის სამართლის საქმეზე: 8,8 მილიონზე მეტი ლარის სახელმწიფო სახსრების პირადი საჭიროებისათვის გახარჯვაზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეში, პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და 2006 წელს „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე.