თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ანალიტიკოსების აზრით, ლარის კურსის ვარდნა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Colosseum Marina-ს გახსნის შემდეგ.
„ადამიანებს აქვთ ცრუ მოლოდინი შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია. მე გუშინ მქონდა საუბარი ეროვნულ ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკოსებთან, ექსპერტებთან, რომლებმაც თქვეს, რომ ეს კრიზისული პერიოდი უკვე გადავიარეთ“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინი არის შექმნილი. „მინდა, მივმართო ყველას, რომ არ დააბნიოს ამ ცრუ მოლოდინებმა და განცხადებებმა ჩვენი ბიზნესმენები და მოქალაქეები“, — აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის აზრით, მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარებს ინახავენ და ლარის გაუფასურებას ელოდებიან, ამის გამო ლარი ვერ მყარდება.
მაგრამ ეროვნული ვალუტა აუცილებლად გამყარდება, მიიჩნევს პრემიერი, „რადგან, მათ მოუწევთ დღეს თუ ხვალ დოლარის გაყიდვა და ლარის ყიდვა“.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის 26 ოქტომბრიდან 2015 წლის 19 აგვისტომდე ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებთ 32,5%-ით დაეცა.