თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ხანგრძლივი ცხელი დღეების შემდეგ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა თანდათან 25-28 გრადუსამდე დაიკლებს, განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა.
„20 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაახლოეით 35 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში — 32 გრადუსამდე“, — აცხადებენ სააგენტოში.
„როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი. თბილისში 21 აგვისტოდან ტემპერატურა თანდათანობით 28 გრადუსამდე დაიკლებს“, — განაცხადა სააგენტოს თანამშრომელმა.
20 აგვისტომდე საქართველოში უმეტესად უღრუბლო ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსამდე აიწევს, ხოლო აღმოსავლეთში — 39 გრადუსამდე.
შავი ზღვის სანაპიროზე ტემპერატურა 32 გრადუსამდე შენარჩუნდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები.
თბილისში 19 აგვისტოს ტემპერატურა 37 გრადუსს მიაღწევს. სინოპტიკოსების გრძელვადიანი პროგნოზით, 24 აგვისტოდან თბილისში ტემპერატურა 28 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო 26-27 აგვისტოს — 25 გრადუსამდე.