დანელია: ფქვილზე ფასის მომატება არალოგიკურია

© photo: Sputnik / Rukhyan / გადასვლა მედიაბანკშიქართული ლავაში
ქართული ლავაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პურის მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ, რომ თუ ქვეყანაში ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდება, პურის ყველა სახეობის 10 თეთრით გაძვირება გარდაუვალია.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ფქვილის ფასის გაზრდაში ლოგიკა არ არის, განაცხადა ბრიფინგზე სამშაბათს, 18 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, როდესაც ქვეყანაში პურპროდუქტებზე ფასების შესაძლო ზრდის შესახებ კითხვას პასუხობდა.  

 დაახლოებით ორი თვის წინ ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 8-10 ლარით გაიზარდა. გაძვირებამდე ტომარა ფქვილის ყიდვა 37 ლარად შეიძლებოდა. ლარის მიმდინარე კურსია: 1 აშშ დოლარი — 2,3 ლარი. ფქვილის გაძვირებამ შეიძლება პურპროდუქტბზე ფასების ზრდა გამოიწვიოს, განაცხადა საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.

 „საქართველოში ხორბლის დიდი მოსავალია. შეიძლება ის ერთმნიშვნელოვნად სასურსათო დანიშნულების არ იყოს, მაგრამ შესარევად მისაღები ხარისხისა. ამას ემატება ბირჟებზე ხორბლის ფასის დაწევა. მთლიანობაში, საერთაშორისო მასშტაბით ხორბალი ყველგან იაფდება, შესაბამისად, ფქვილზე ფასის მომატებაში ლოგიკა არ არის“, — განაცხადა დანელიამ.

 „თითოეულს ვთხოვ, დააზუსტოს მიმართულება, როცა ლაპარაკობენ, რომ ხორბლისა და ფქვილის ნაწილში კონტროლი გამკაცრდა. მაინტერესებს, კონკრეტულად რას გულისხმობენ, რადგანაც ჩვენთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი“, — დაასკვნა მინისტრმა.

 პურის მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ, რომ თუ ქვეყანაში ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდება, პურის ყველა სახეობის 10 თეთრით გაძვირება გარდაუვალია.

 პურპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „იფქლის“ დირექტორი შაქრო ბაკურაძე ერთ-ერთ მსხვილ იმპორტიორ „აგრიკომს“ ბაზრის მონოპოლიზაციაში და ფქვილზე ფასის ხელოვნურად ზრდაში დებს ბრალს.

 ბაკურაძის განცხადებით, მან ფქვილის შემოტანა სცადა, მაგრამ ტვირთი საბაჟოზე გააჩერეს. ფქვილით დატვირთული ტრაილერები თვეობით დგანან ტერმინალზე და შემომტანს მისი გადმოტვრთვის შესაძლებლობა არ ეძლევა, განუცხადა მან გაზეთ „კვირის პალიტრას“.

 ამჟამად პურის საცხობებში ქართულ  ლავაშზე ფასი, წონის მიხედვით (0,7 – 1 კგ), 70 თეთრიდან ერთ ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ქარხნულ პურს, აქ ფასი, წონის შესაბამისად, 50 თეთრიდან იწყება. კერძოდ, თეთრი პურის ბატონი — 380 გრ. – 60 თეთრი, 520 გრ. – 80 თეთრი. შავი პურის ბატონი, „იფქლის“ მარკის — 90 თეთრი, დაჭრილი — 60 თეთრი. 


ყველა ახალი ამბავი
0