თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. იერუსალიმში საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი იერუსალიმის მერსა და ებრაელ ინვესტორებს შეხვდა, ამის შესახებ თბილისის მერიის პრეს-სამსახური იტყობინება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბიზნეს ფორუმი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბიზნესმენები სპეციალურად ამ ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის წარმომადგენლებმა ორგანიზება გაუწიეს ქართული დელეგაციის ებრაელ ინვესტორებთან შეხვედრას. ბიზნეს-ფორუმზე ქართულმა მხარემ საქართველოს ბიზნესპოტენციალის შესახებ ისაუბრა და სხვადასვა პროექტის პრეზენტაცია გამართა.
„ჩემი ვიზიტი ემსახურება სამ მიმართულებას, პირველი არის ინვესტიციის მოზიდვა და კონკრეტული პროექტების განხორციელება, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და მესამე მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. დედაქალაქის კარი ღიაა ინვესტორებისთვის, მე პირადად ვარ გარანტი, რომ ხელი შეეწყობა პროექტების განხორციელებას. გვერდში დავუდგები თითოეულ ინვესტორს“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორის იციკ მოშეს განცხადებით, საფუძველი ჩაეყარა ორმხრივი ურთიერთბის ახალ ფორმატს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კომპლექსურ თანამშრომლობას. იციკ მოშეს თქმით, ბიზნეს-ფორუმის შემდეგ საქართველოში ებრაული ინვესტიციით მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებას ელოდება.
დღის ბოლოს დავით ნარმანია ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს ხილიკ ბარს შეხვდა, რომელიც ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს. თბილისის მერმა ხილიკ ბარისგან მხარდაჭერა მიიღო და აქვე დაიგეგმა ქნესეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში.