თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ევროკომისია მზად არის ევროკავშირის ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებთან განიხილოს „ადეკვატური გადაწყვეტილებები“, რუსეთის მიერ სასურსათო ემბარგოს გაგრძელების შემთხვევაში, ევროპელი ფერმერების მხარდაჭერისათვის. ამის შესახებ სამშაბათს ევროკომიის წარმომადგენელმა ენრიკო ბრივიომ განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ წარმოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ზოგიერთ წევრ ქვეყანაში რთულ მდგომარეობაში არიან. ევროკომისია ყურადღებით ადევნებს თვალყურს სიტუაციას, კონტაქტშია სახელმწიფოებთან და მზად არის გამართოს კონსტრუქციული დისკუსია ადეკვატური გადაწყვეტილებების მოსაძებნად“, — თქვა მან.
ბრივიომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ — ლუქსემბურგმა, 7 სექტემბერს ბრუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრთა რიგგარეშე შეხვედრა მოიწვია, რათა განიხილონ ევროპის აგროსამრეწველო წარმოების მერძევეობისა და მესაქონლეობის სფეროში შექმნილი კრიზისული სიტუაცია.
იმავე დღეს, ევროპელ ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირი Copa-Cogeca გეგმავს ბელგიის დედაქალაქში მასობრივი დემონსტრაციის გამართვას, რათა ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ყურადღება მიაქციოს ევროპელ ფერმერთა პრობლემებს. პროფკავშირების შეფასებით, რუსეთის ფედერაციის სასურსათო ემბარგოს შედეგად, ევროკავშირის ქვეყნების სოფლის მეურნეობის მწარმოებლებმა 5.5 მილიარდი ევრო დაკარგეს.
იმ საქონლის სიაში, რომელთა იმპორტი რუსეთში შეიზღუდა, არის ხორცი, ძეხვი, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები.