„რუსთავი2“-ის მფლობელები შიშობენ, რომ ტელეკომპანია შესაძლოა გაკოტრდეს

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშირუსთავი 2-ის შენობა თბილისში
რუსთავი 2-ის შენობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდა, რაც, მისი იურისტების განცხადებით, ტელეკომპანიას 1,7 მლნ ლარით დააზარალებს.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პოპულარული ქართული ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ფინანსური საქმიანობის შეზღუდვის შესახებ, შეიძლება მისი გაკოტრების მიზეზი გახდეს, აცხადებენ ტელეკომპანიის 91% წილის მფლობელი ძმები ყარამანაშვილები.

 ძმები ყარამანაშვილები ტელეკომპანიის წილებს ნინო ნიჟარაძესთან (9%) ერთად ფლობენ. მათი წილები ტელეკომპანიის ქონებასთან ერთად სასამართლომ 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით დააყადაღა. გადაწყვეტილება „რუსთავი2“-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის ქონებრივ სარჩელს ეფუძნებოდა.

 ასევე სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდა, რაც, მისი იურისტების განცხადებით, ტელეკომპანიას 1,7 მლნ ლარით დააზარალებს.

 „ჩვენს შეშფოთებას არა ჩვენი წილების, არამედ ტელეკომპანიის ქონების დაყადაღება და ხელმძღვანელობის უფლებების შეზღუდვა იწვევს, რაც კომპანიას ჩვეულებრივი შესაძლებლობებით ოპერირებას უკრძალავს და რაც, დიდი ალბათობით, მის გაკოტრებას გამოიწვევს“, — აღნიშნულია მფლობელების განცხადებაში.

 ტელეკომპანიის მფლობელები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ „რუსთავი2“-ში მრავალმილიონიანი ინვესტიციები ჩადეს და 2012 წლიდან კომპანიის ღირებულება სამჯერ გაიზარდა.

 „ჩვენთვის გაუგებარია, რის დაბრუნებას ითხოვს ხალვაში, რადგანაც მის დროს ტელეკომპანია რამდენიმე ოთახში მუშაობდა და წამგებიანი პროექტი იყო, ახლა კი „რუსთავი2“ ტელეინდუსტრია გახდა, რომელიც სამი არხისგან — „რუსთავი2“, „მარაო“ და „კომედი არხი“ შედგება“, — აცხადებენ მფლობელები.

 ისინი აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს აიძულებს მათ იფიქრონ, რომ ხელისუფლებას ხალვაშის ხელით „რუსთავი2“-ის განადგურება სურს.

 „რუსთავი2“-ის ქონებასა და ასევე მის ფინანსურ დამოუკიდებლობაზე შეტევა გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ მთელი ეს სამართლებრივი თვალსაზრისით უაზრო და უპერსპექტივო სამართალწარმოება თავისუფალი მედიის ფლაგმანის — „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სერიოზულად დააზარალებს“, — მიიჩნევენ მფლობელები.

 „რუსთავი2“-თან დაკავშირებული სარჩელი 2005-2006 წლებს ეხება, როდესაც, ტელეკომპანიის მაშინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 2005 წლის დეკემბერში კომპანიის 22% კომპანია „საქცემენტს“ გადასცა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი ერთპიროვნულად ფლობდა. ხალვაშმა 2006 წელს დარჩენილი 78% ბიძინა ნიჟარაძის კომპანია „ჯეოტრანსს“ მიჰყიდა. ხალვაში ირწმუნება, რომ საკუთარი წილის გაყიდვა აიძულეს.

 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანია ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“ სააკაშვილის ტელევიზიაა, ხოლო ამჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია სიცრუეში არაერთხელ დაადანაშაულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0