თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. „სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელსაც ეფექტიანი განვითარება სჭირდება. ამ დარგის განვითარების მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, ამიტომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, განაცხადა სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სერგო კარაპეტიანმა სამშაბათს, 18 აგვისტოს.
სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინიტრი სერგო კარაპეტიანი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას მოწვევით 16-19 აგვისტოს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში განიხილებოდა სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
"ამ დარგის განვითარების მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, ამიტომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ჩვენთან განვითარებულია სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება, თევზის წარმოება, სუფრის ყურძნის წარმოება. ეს მიმართულებები თქვენთვისაც საინტერესოა. აქედან გამომდინარე, ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად ნაყოფიერი შეიძლება იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთობლივი წარმატებები“, — განაცხადა სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სერგო კარაპეტიანმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და სომხეთს აგაგრული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების რეალური პერსპექტივა აქვთ.
მხარეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.
„ბაზრების დივერსიფიკაციის თემა ჩვენი ქვეყნის აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც საქართველოსთვის, ასევე სომხეთისთვის მნიშვნელოვანია ახალ ბაზრებზე პროდუქციის გატანა. კოლეგა მინისტრთან ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვიმსჯელეთ და პოზიციები და სამომავლო გეგემები განვიხილეთ“, — განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყანაა, საქართველომ კი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა. აქედან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის შესაძლებელია ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება.