თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. გადაწყვეტილება სს ”სილქნეტისა” და შპს ”კავკასუს ონლაინის” წილების შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიღების მიზნით კომპანიების ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 11 ნოემბრამდე იქნება მიღებული. ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC)იტყობინება. ინფორმაციის თანახმად, GNCC-მ 2015 წლის 11 აგვისტოს განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კომუნიკაციების სფეროში აქტივების შერწყმისა და გაყიდვისათვის კომისიის წინასწარი ნებართვაა საჭირო. როგორი იქნება GNCC-ს პოზიცია კომპანიების შესაძლო შერწყმაზე ამის ცოდნა აუცილებელია ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე. ამ დროისათვის Caucasus Online და Silknet-ს შორის იურიდიული ძალის მქონე არანაირი შეთანხმება არ გაფორმებულა.
„კომისია სამი თვის ვადაში შეისწავლის კომპანიების შერწყმის შემთხვევაში ინტერნეტ ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე არსებულ პირობებზე შესაძლო გავლენებს და ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით საჯარო სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას“, —აცხადებს კომისია.
Caucasus Online არ გამორიცხავს უახლოეს დღეებში სხვა ადგილობრივ ოპერატორებთან ერთად მიმართოს GNCC-ს, რათა გაარკვიოს ერთობლივი საქმიანობის შესაძლებლობა ან აქტივების შესყიდვა. მაგალითისათვის, უკვე გაგზავნილია ერთობლივი განაცხადი მობილურ ოპერატორ „მაგთიკომთან“ შერწყმის თაობაზე.